ისტორია
ჩვენი ისტორია იწყება 1998 წლიდან, როდესაც დამფუძნებელმა რამაზ ღვინეფაძემ მეგობრებთან ერთად და ცნობილი გერმანელი მესახურავეების ("Dekermeister") ჰოინაკების ოჯახის თანამონაწილეობით დაარსა კომპანია - "მოდერნ ბაუ". გერმანელი პარტნიორების გადახურვის საუკუნოვანმა ტრადიაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიის სწრაფ პროფესიულ ზრდა-განთვითარებაში. სწორედ მათი დახმარებით ჩვენი კომპანია გახდა პირველი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა და გამოიყენა გადახურვის გერმანული მასალები.
წლების განმავლობაში კომპანია ვითარდებოდა და ცოდნას იღრმავებდა გერმანელი სპეციალისტების ზედამხედველობით. ორგანიზაცია აქტიურად იმკვიდრებდა ადგილს სამშენებლო სფეროში, როგორც პირველი გადახურვების კომპანია.
"მოდერნ ბაუს" განვითარება და წარმატება გახდა ამერიკელი ინვესტორების დაინტერესების საფუძველი. 2003 წლიდან ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა კომპანია "მოდერნრუფინგი". ფინანსურმა ინვესტიციამ ხელი შეუწყო კომპანიას სწრაფად განვითარებულიყო და გამხდარიყო მოწინავე გადახურვისა და ჰიდროიზოლაციის ისეთ სახეობებში როგორიცაა: ბრტყელი და ქანობიანი სახურავები; ტერასების, საძირკვლების და კედლების ჰიდროიზოლაცია; მწვანე სახურავების მოწყობა და ა.შ.
მოდერნრუფინგმა წარმატებით განავითარა საქმიანი პარტნიორული ურთიერთობები მრავალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიასთან. ჩვენი გუნდი აქტიურად თანამშრომლობს და იზიარებს საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებასა და რჩევებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად გადავჭრათ რთული არქიტექტურული თუ კონსტრუქციული პრობლემები. ამასთანავე, მოდერნრუფინგი ყოველწლიურად სტუმრობს სამშენებლო გამოფენებს, მუდმივად ეცნობა მიმდინარე სიახლეებს და ინოვაციურ მასალებს, რომელთაც შემდგომ აქტიურად იყენებს და ნერგავს პროფესიულ საქმიანობაში. ჩვენი გუნდი არის ექსკლუზიური წარმომადგენელი ამიერკავკასიის რეგიონში, ისეთი წამყვანი კომპანიების როგორიცაა: BAUDER, HILLE, BRAAS, TEGOLA, GERARD, GEOMASS, FIRST და მრავალი სხვა.
ჩვენი კომპანია ხშირად მასპინძლობს უცხოელ კოლეგებს, ეცნობა მიმდინარე სიახლეებს, სწავლობს და გამოცდილებას უზიარებს სამშენებლო დარგის სპეციალისტებს. სწორედ ამ მიზნით ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სამშენებლო გამოფენაში BUILDING EXPO. 2009 წელს დამწყები და გამოცდილი მესახურავეებისათვის ექსპერტთა ჯგუფთან ერთად შევქმენით სახელმძღვანელო "სახურავები - ბურულების მოწყობის ტექნოლოგია".
გვეამაყება, რომ საქართველოს უახლეს არქიტექტურულ ისტორიაში გამორჩეული ადგილი გვიკავია, რაზეც მეტყველებს ჩვენს მიერ შესრულებული გადახურვები ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის როგორიცაა: ეროვნული სტადიონი, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, ქუთაისის პარლამენტი, იუსტიციის სახლები, თბილისის პროკურატურა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, რესტორნების ქსელი - მაკდონალდსი, ოლიმპიური აუზი, ლისი ვერანდა, სმარტის სავაჭრო ობიექტები, ახალი ნათება, სასტუმრო ჰილტონი, თეგეტა მოტორსი, ომეგა მოტორსი, პროკრედიტ ბანკი, M²-ის და რედიქსის საცხოვრებელი კორპუსები, გასართობი სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინტი და მრავალი სხვა.
ამ პროექტების განხორციელებაში ჩართულია მრავალი პროფესიონალი, რომელიც იცნობს, აფასებს და ენდობა კომპანია მოდერნრუფინგის მრავალწლიან გამოცდილებას.